ფრანგი

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად 

წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

დავით ფრანგიშვილმა 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორის ხარისხი (1977) და ჰაბილიტაცია (1989) მიიღო მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1986-1991 წლებში ის ხელმძღვანელობდა განყოფილებას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში; 1991-2004 წლებში მუშაობდა გერმანიაში, მაქს-პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტში და რეგენსბურგის უნივერსიტეტში, 2004-2020 წლებში კი ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას პარიზის პასტერის ინსტიტუტში, საფრანგეთში, რომელთანაც დღემდე აფილირებულია საპატიო პროფესორის სტატუსით; ამჟამად, ისევ მოღვაწეობს საქართველოში, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, Academia Europaea-ს თბილისის განყოფილების აკადემიური დირექტორი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.

დავით ფრანგიშვილი არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ევროპის მიკრობიოლოგიის აკადემიის წევრი, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის Academia Europaea-ს წევრი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვეული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

დავით ფრანგიშვილი მაღალ ტემპერატურებზე მიკრობული სიცოცხლის შესწავლის ერთ-ერთი პიონერია. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესი ეხება ვირუსებსა და ვირუს-მასპინძლის ურთიერთქმედებებს ვულკანური წარმოშობის წყაროებში, სადაც ტემპერატურა 80°C-ს აღემატება. ასეთ გარემოში მან აღმოაჩინა უნიკალური ვირუსების მოულოდნელი მრავაფეროვნება, რომელიც მოიცავს ვირუსების რამოდენიმე ათეულ ახალ სახეობას და 11 ახალ ოჯახს. იგი სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში გამოქვეყნებული 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. დავით ფრანგიშვილის კვლევებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს პროკარიოტული ვირუსოლოგიის დარგზე და შეხედულებებზე, ვირუსების მრავალფეროვნებასა და ევოლუციაზე.

 

დავით ფრანგიშვილი