საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ქართული ხელნაწერი“

 

     სკოლა გათვალისწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესწავლით დაინტერესებული როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მკვლევრებისათვის. სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებისა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელების ხელშეწყობა.

      საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა (ნახვა) უნიკალურია. სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. სკოლის მიმართ დიდ ინტერესს მოწმობს აპლიკანტთა დიდი რაოდებობაც.

     წლევანდელი საზაფხულო სკოლა გაიმართა ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტთან (ბელგია)თანამშრომლობით. სკოლის თანაორგანიზატორი იყო ლიუვენის უნივერსიტეტის საპატიო რექტორი, პროფესორი ბერნარ კული. პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით სკოლა ჩატარდა ჰიბრიდული სახით - უცხოელი მონაწილეების უმეტესობა ლექციებს ვირტუალურ სივრცეში ესწრებოდა.

      კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, Academia Europaea-ს თბილისის ჰაბის ხელშეწყობით, 2021 წლის 15-25 ივლისს გაიმართა ტრადიციული მე-6 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“.

      ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიური კვლევევების, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის მდიდარი  გამოცდილება აქვს. საერთაშორისო საზაფხულო/სეზონური სკოლები ცენტრში აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი მკვლევარებისათვის  გაზიარების  შესანიშნავი საშუალებაა. 2011 წლიდან მოყოლებული შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  განხორციელდა ქართველოლოგიის უკვე ექვსი საერთაშორისო სკოლა „ქართული ხელნაწერი“.