ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 28 მარტს, გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფ. პოლ სალკოვსკის საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის აქტუალური საკითხები“.
პროფ. პოლ სალკოვსკი კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის აღიარებული კლასიკოსია, გარდა ჯანმრთელობის ცენტრისა, იგი ხელმძღვანელობს ოქსფორდის კლინიკური ფსიქოლოგიის კურსს და გახლავთ ბრიტანული კოგნიტიურ-ბიჰევიორული ჟურნალის “Behavioural and Cognitive Psychotherapy“ რედაქტორი.
პროფ. პოლ სალკოვსკის საქართველოში მოწვევა შესაძლებელი გახდა ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრის, პროფ. ქეთევან ჭანტურიას ინიციატივითა, უშუალო ჩართულობით.
ლექციას, რომელზეც პროფ. სალკოვსკიმ დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო დარგში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ, მოდერაციას უწევდა პროფ. ქეთევან ჭანტურია. ლექციის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც ჩაერთო, როგორც სფეროს წარმომადგენელი აკადემიური საზოგადოება, ასევე სტუდენტები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.




