2025 წლის 26-29 ნოემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩაატარა აღნიშნული მუზეუმის ყოფილი დირექტორისა და ღვაწლმოსილი მეცნიერის, შუა საუკუნეების ხელოვნების მკვლევრის, რუსუდან ქოჩქიანისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო, როგორც სვანეთის მუზეუმის ისტორია და სამომავლო პერსპექტივები, ასევე, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიმართულებით ჩატარებული უახლესი კვლევები. ამასთანავე, მოეწყო პუბლიკაციების, „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ და „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“, პრეზენტაცია. აღნიშნული პუბლიკაციები გადაეცა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს.
კონფერენციას დაესწრნენ, როგორც ქალბატონი რუსუდან ქოჩქიანის ოჯახის წევრები და ადგილობრივი პროფესიული საზოგადოება, ასევე ადგილობრივი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოავლინეს კონფერენციაზე განხილული საკითხებისადმი. ამასთანავე, სვანეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით შეასრულეს ტრადიციული სვანური საგალობელი და სიმღერა.
ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით სასიხარულო იყო ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისთვის, რადგან ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას, სწორედ ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.








