2024 წლის 9 დეკემბერს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, ლეიბნიცის კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცენტრისა (გერმანია) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი „ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ევოლუცია და შავი ზღვის მომავალი“. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან და ისრაელიდან ჩამოვიდნენ მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ რეგიონის ბიოლოგიურ და კულტურულ ევოლუციასა თუ ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ღონისძიებაზე მეცნიერებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების ფონზე დღეს არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ინტერდისციპლინურ მიდგომითა და მეცნიერებაში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის ხერხით. აღნიშნული კონფერენცია გახლდათ ერთგვარი გაგრძელება გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე (COP29) განხილული თემატიკისა, მეტი კონცენტრაციით კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონზე.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, აკად. დავით ლორთქიფანიძემ მონაწილე მეცნიერებს წარუდგინა რეგიონში, ბიო-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და მდგომარეობის შესახებ არსებული სიტუაცია და გააცნო პრობლემების გადაჭრის მისეული ხედვა, რომელიც გულისხმობს, როგორც სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე საზოგადოების ინფორმირებასა და ქმედით ნაბიჯებს, სწორედ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ჩართულობით.




