2025 წლის 11-17 ნოემბერს დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გაიმართა ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) 27-ე გენერალური კონფერენცია: „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში.“ წლევანდელი ტრიენალე განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო, რადგან ICOM-ის გენერალური კონფერენცია პირველად ჩატარდა MEASA-ს (შუა აღმოსავლეთი, აფრიკა და სამხრეთ აზია) რეგიონში. მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს 4,500-ზე მეტმა პროფესიონალმა, კულტურის პოლიტიკის შემქმნელმა და ლიდერმა. კონფერენციას უმასპინძლა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა არაბთა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი დონის პატრონაჟით.
ICOM-ის გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ხულუზაურმა, რომელმაც 12 ნოემბერს წაიკითხა მოხსენება ICOM COMMS-ის (ICOM-ის მარკეტინგისა და საზოგადოების ჩართულობის საერთაშორისო კომიტეტი) პირველ სესიაზე სახელწოდებით: „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ამბის თხრობა, იდენტობა და შესაბამისობა“ და მოდერაცია გაუწია მეორე სესიას: „ახალგაზრდების ძალა, თანამშრომლობა, აქტივიზმი და ციფრული უნარების ფლობა.“ გარდა ამისა, 15 ნოემბერს ICOM-COMMS-ისა და ICOM-AVICOM-ის (ICOM-ის აუდიო-ვიზუალური, ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის საერთაშორისო კომიტეტი) ერთობლივ სესიაზე, მან, როგორც გამოცემის კოორდინატორმა და მთავარმა რედაქტორმა, საზოგადოებას წარუდგინა, 2024 წლის 4-7 დეკემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და ICOM-COMMS-ის თანამშრომლობით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის: „მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე: საზოგადოების გაძლიერება ცვლილებებისა და კრიზისის დროს” მოხსენებათა კრებული.





