ძველი შუამდინარეთის კვლევა: მიდგომები, კითხვები და მეთოდები

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, გაიმართა დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ახლო და ძველი წინა აზიის კვლევების დეპარტამენტის, ალ-მაქტუმის სახელობის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის პროფესორის მარტინ უორთინგტონის საჯარო ლექცია: “ძველი შუამდინარეთის კვლევა: მიდგომები, კითხვები და მეთოდები.”

პროფ. მარტინ უორთინგტონის კვლევის ძირითად საგანს ბაბილონური ლიტერატურა წარმოადგენს. მანამდე იგი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ასირიოლოგიის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი და ბრიტანეთის აკადემიის მკვლევარი ლონდონის უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ფაკულტეტზე (SOAS, University of London), სადაც მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის ბაბილონის ლიტერატურული ძეგლები. 2006-2010 წლებში უორთინგტონი კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში (St John’s College, Cambridge) ასირიოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მკვლევარი იყო. 2011 წელს მას მიენიჭა სერ ჯორჯ სტაუნტონის (Sir George Staunton Prize) პრიზი Royal Asiatic Scoiety-ს მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროფ. უორთინგტონმა ხელი შეუწყო გილგამეშის ეპოსის პირველი ქართული თარგმანის ხელახალ აღიარებას. მან 2010 წელს სენტ ჯონის კოლეჯში (კემბრიჯი) „გილგამეშის ეპოსისადმი“ მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა მიხაკო წერეთლის მიერ შესრულებული თარგმანი, რის შემდეგაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელახლა გამოსცა წიგნი. 2021 წელს პროფ. უორთინგტონმა თავის მონოგრაფიაში Ea’s Duplicity in the Gilgamesh Flood Story დაიმოწმა მ. წერეთლის „გილგამეშიანის“ წაკითხვები (კონსულტანტი თსუ-ს ასოც. პროფ. ნინო სამსონია). პროფ უორთინგტონის ვიზიტი ამჯერად უკავშირდებოდა პროფ. თამაზ გამყრელიძის წიგნის „გილგამეშის ეპოსი – ტრანსლიტერაცია“ გამოცემას. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე პროფესორ მარტინ უორთინგტონს თსუ სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო მხარდაჭერისთვის თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა. 

ლექციაზე პროფ. უორთინგტონმა ისაუბრა „გილგამეშის ეპოსის“ სტრუქტურაზე, მოიყვანა მაგალითები ლურსმული ტექსტიდან, მათი ინგლისური თარგმანები და სამეცნიერო ინტერპრეტაციების რამდენიმე მაგალითი. ლექციის დასასრულს პროფესორმა უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორების კითხვებს.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში