2024 წლის 3-4 დეკემბერს ჩატარდა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ICOM-MPR-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-საქართველოს (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) ერთობლივი, საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „მუზეუმში ყველაფერი გვიყვება ამბავს“.
სემინარი გახსნეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გენერალურმა დირექტორმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ და ICOM-MPR-ის თავმჯდომარემ, დებორა ზისკამ.
სემინარი, რომელსაც უძღვებოდნენ ICOM-MPR-ის მმართველი საბჭოს წევრები ლუის მარსელო მენდესი და ნათია ხულუზაური, წარმოადგენდა სწრაფ, ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანი გახლდათ დახმარებოდნენ კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს აღექვათ კომუნიკაცია და ბრენდის სტრატეგიული მენეჯმენტი, როგორც კულტურული და სამეცნიერო დაწესებულებების მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტი; გაეაზრებინათ თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური კომუნიკაციის ელემენტებს და დაესახათ თავიანთი დაწესებულებების მისიის განხორციელებისა თუ მნიშვნელობის ხაზგასმის გზები.
პროექტის კოორდინატორი და მთავარი მომხსენებელი ლუის მარსელო მენდესი, ბრაზილიელი ჟურნალისტი და კომუნიკაციის სპეციალისტია, რომელსაც აქვს მდიდარი გამოცდილება სამუზეუმო სექტორის კომუნიკაციის მიმართულებით. მისი მთავარი მიზანი გახლდათ სემინარის მონაწილეებისთვის საკომუნიკაციო ხერხების საშუალებით მართვის ინოვაციური მეთოდებისა და 21-ე საუკუნეში სექტორში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა.
საქართველოში, კულტურული და სამეცნიერო დაწესებულებების ტრადიციებისა და პოსტსაბჭოთა გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ხულუზაურმა, რომელიც პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსი და ჟურნალისტია მრავალწლიანი გამოცდილებით კულტურული და სამეცნიერო-პოპულარული კომუნიკაციის სფეროში.
სემინარის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი გახლდათ სამეცნიერო კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვა და მათზე მსჯელობა. ღონისძიების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მეთოდების განხილვას.
აღნიშნული ინიციატივა დააფინანსა ICOM-ის სტრატეგიული განაწილების მიმოხილვის კომიტეტმა (SAREC), რომელიც ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით ხელს უწყობს სრულყოფილებასა და სოლიდარობას სამუზეუმო სექტორში და ორიენტირებულია კომუნიკაციის პროცესში ჩართული მუზეუმის პროფესიონალებისთვის: მუზეუმის კომუნიკატორები, სამეცნიერო კომუნიკატორები, დირექტორები, კურატორები, პედაგოგები და სხვა.
სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.





















