გელათის აკადემია -  მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

5 ოქტომბერი 2020

პროექტის მთავარი მიზანია გააცნოს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი.

გელათის აკადემია, დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან (სოფ. გელათი, დასავლეთ საქართველო) დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა აქ შეკრიბა იმ დროის გამოჩენილი ქართველი სწავლულები, როგორც იყვნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, სხვანი. გელათის აკადემია გახდა თავისი დროის ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. XI საუკუნის მიწურულში, მანგანის აკადემიის დაცემისა და სელჯუკთა მიერ იერუსალიმის შევიწროების შემდეგ, დავითის ისტორიკოსის თანახმად, გელათის აკადემია "აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად". სასწავლებლის პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა) და კვადრიუმის (სამი სახის ფილოსოფია, სამი სახის რიტორიკა, გრამატიკა და ასტრონომია) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

 Academia Europaea-ს თბილისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი

თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გელათის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

გ. ჩუბინაშვილი სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო კონსერვატორია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მმართველობა.

შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, Academia Europaea-ს თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი დავით ფრანგიშვილი.

მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის შესახებ - მისი მიზნების, ხანგრძლივობის, განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომავალი გეგმების შესახებ, და დაადგინეს შემდეგი სამოქმედო გეგმა:

  1. შეიქმნას სხვადასხვა დარგის  ექსპერტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტს; საინიციატივო ჯგუფი გამართავს რეგულარულ შეხვედრებს.
  2. მომზადდეს სატელევიზიო სემინარების ციკლი, რომელიც ფართო საზოგადოებას გააცნობს გელათის აკადემიის მნიშვნელოვან როლს შუა საუკუნეების ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში.
  3. 2021 წლის სექტემბერში ქუთაისში ჩატარდეს მცირე თემატური კონფერენცია, რომლის თემა, საკითხები, მონაწილეები დაზუსტდება საინიციატივო ჯგუფის მომავალ შეხვედრაზე.
  4. 2022 წლის მაის-ივნისში ჩატარდეს ფართომაშტაბიანი საერთაშორისო  კონფერენცია „გელათის აკადემია – შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს ინტელექტუალური და კულტურული ცენტრი”.

  5. მომზადდეს და გამოიცეს ქართულ და ინგლისურ ენებზე “სამაგიდო წიგნი” გელათის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა დარგის ექსპერტები —  არსებული კვლევების შეჯამებისა და კომპლექსური ანალიზის საფუძველზე — წარმოაჩენენ გელათის აკადემიის უდიდეს გავლენას ქრისტიანული სამყაროს კულტურულ ცხოვრებაზე და შუასაუკუნეების ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ისტორია, ფილოსოფია, ფილოლოგია, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა) განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე ჩატარდა ორი ლექცია: (1) გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრების შესახებ ისაუბრა ქუთაისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის მმართველობის ხელმძღვანელმა როლანდ ისაკაძემ; (2) გელათის კილოს საგალობლების შესახებ ისაუბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა მაგდა სუხიაშვილმა - მისი ლექცია ილუსტრირებული იყო გელათურ კილოზე აგებული საგალობლებით, რომლებიც შეასრულა  ალავერდის მონასტერის მგალობელთა გუნდმა.

3-4 ოქტომბერს თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  Academia Europaea-ს თბილისის რეგიონულმა ცენტრმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უნივერსიტეტის  ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით - წარმოადგინა პროექტი „გელათის აკადემია -  მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”.