ღვინის და ხორბლის უძველესი ამბავი: უახლესი მონაცემები საქართველოდან

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: „ღვინისა და ხორბლის უძველესი ამბავი – ინოვაციები ადრეულ მიწათმოქმედებაში: უახლესი მონაცემები საქართველოდან“.

ლექცია ეძღვნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის უახლესი მულტიდისციპლინური კვლევის შედეგებს, რომელთა თანახმად, საქართველო არამხოლოდ ღვინის, არამედ, პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის კერაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (Proceedings of the National Academy of Sciences) გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ და დღეს მსოფლიო საქართველოს უპირობოდ აღიარებს ღვინის სამშობლოდ.

მიმდინარე წლის 27 აპრილს ამავე ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია: პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა ნეოლითის პერიოდის სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში (An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus), რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა და, ასევე, 8000 წლის ისტორია აქვს. 

აღნიშნული საერთაშორისო, მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი ორივე შემთხვევაში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის აკადემიური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე გახლდათ და მათში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, დანიისა და ისრაელის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

5 ივნისს გამართულ ლექციაზე აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მოუთხრო ქვემო ქართლში, კერძოდ გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე განხორციელებული აღმოჩენების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე დღეს საქართველოს მსოფლიო აღიარებს, როგორ პურისა და ღვინის კულტურის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს: „ეს არქეოლოგიური ძეგლები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აქ დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი რბილი ხორბლის და ამავე პერიოდის ღვინის კვალი. ახალი აღმოჩენა გვიჩვენებს, თუ რამდენად პროგრესულები იყვნენ ჩვენი წინაპრები – ისინი პირველ მიწათმოქმედთა შორის არიან და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ, თუ როგორი იყო ცხოვრება 8,000 წლის წინ.“ – აღნიშნა მან.

გარდა აღნიშნული თემების სამეცნიერო მხარისა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ, ასევე, განიხილა აღმოჩენების პრაქტიკული განზომილება, როგორც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური პოზიციონირების საშუალება, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანის და ტურიზმის სექტორის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. საჯარო ლექციის დასასრულს, გაიმართა კითხვა-პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უძველესი ღვინისა და პურის ამბავი.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში