Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა

კონფერენცია ეძღვნება Homo erectus-ის აღმოჩენიდან 135 წლის იუბილეს, დმანისის აღმოჩენების 35 წლის იუბილესა და მნიშვნელობას ადამიანის ევოლუციის კვლევაში.

მიმდინარე წლის 9-13 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას “Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა” (dmanisiconference.org).

კონფერენცია ეძღვნება Homo erectus-ის აღმოჩენიდან 135 წლის იუბილეს, დმანისის აღმოჩენების 35 წლის იუბილესა და მნიშვნელობას ადამიანის ევოლუციის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ 1991 წელს, ფრანკფურტში, ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენცია Pithecanthropus erectus-ის აღმოჩენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ ამ კონფერენციაზე წარადგინეს იმავე წლის 24 სექტემბერს დმანისში  აღმოჩენილი, პირველი, 1.8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინინის ნაშთი. 2016 წელს, ამ მოვლენიდან 25 წლის შემდეგ ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც Pithecanthropus erectus-ის 125 და დმანისელი ჰომინინის აღმოჩენის  25 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, უკვე საქართველომ უმასპინძლა.

Homo erectus-ის 100+35 წელი: დმანისი და მის მიღმა” სწორედ ამ კონფერენციების ტრადიციას აგრძელებს და ხსნის სამეცნიერო პლატფორმას სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს ადამიანის ევოლუციის, პალეოანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ადრეული ადამიანის ქცევისა და გარემოს შესახებ და ერთმანეთს გაუზიარებენ პრეისტორიის დარგში მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები 15-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის არიან ისეთი ლეგენდარული პიროვნებები, როგორებიცაა „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტის“ დამფუძნებლები და პალეოლითური ექსპერიმენტული არქეოლოგიის პიონერები კეტი შიკი და ნიკოლას ტოტი; მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პალეოანთროპოლოგი, ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი კატერინა ჰარვატი, რომელსაც 2026 წელს ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის კვლევაში განსაკუთრებული წვლილისთვის Albert Einstein World Award for Science მიენიჭა; და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის მკვლევრები.

კონფერენცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ადამიანის ევოლუციის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს, ისე თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების წინა ხაზზე მოღვაწე მეცნიერებს.

კონფერენცია 9 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიხსნება პროფ. მიშელ ბრუნესა (Michel Brunet) და პროფ. ხუან ლუის არსუაგას (Juan Luis Arsuaga) საჯარო ლექციებით. ამ ორი გამორჩეული პალეოანთროპოლოგის სახელს კაცობრიობის ევოლუციის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები უკავშირდება.

პროფესორ მიშელ ბრუნეს (კოლეჟ დე ფრანს) მიერ ჩადის რესპუბლიკაში (აფრიკა) აღმოჩენილი, დაახლოებით 7 მილიონი წლით დათარიღებული Sahelanthropus tchadensis – ტუმაი („Toumaï“) ადამიანის ევოლუციური ხაზის ერთ-ერთ უძველეს ცნობილ წარმომადგენლად მიიჩნევა;

პროფესორი ხუან ლუის არსუაგა (მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი) ატაპუერკას არქეოლოგიური ძეგლის (ესპანეთი) უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარია. ატაპუერკა 2000 წლიდან შეტანილ იქნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რადგან იქ აღმოჩენილი ნამარხები, როგორც ევროპაში ადამიანის არსებობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი დასტური, წარმოადგენს გამორჩეულ წყაროს ევროპის უძველესი ადამიანური საზოგადოებების ფიზიკური მახასიათებლებისა და ცხოვრების წესის შესასწავლად.

მიშელ ბრუნესა და ხუან ლუის არსუაგას კვლევებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცოდნა ადამიანის წარმოშობისა და Homo-ს გვარის ევოლუციის შესახებ. ამ ორი ლეგენდარული მეცნიერის თბილისში, ერთ საღამოს შეკრება განსაკუთრებული მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.

10 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიროტიაში გაიმართება თავად საკონფერნეციო სესიების გახსნის ღონისძიება, რომელიც 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო 13 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეები მოინახულებენ დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლებს.

იმ 135 წლის განმავლობაში, რაც Homo erectus-ის შესწავლა მიმდინარეობს, ბევრი ახალი სამეცნიერო მონაცემი დაგროვდა. უკანასკნელი 35 წლის მანძილზე, მხოლოდ დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე, 1.77 მილიონი წლით დათარიღებული მინიმუმ 5 ინდივიდის ნაშთია აღმოჩენილი. დღეისათვის ამ ასაკის ნაშთებს შორის დმანისის ჰომინინები მსოფლიოში საუკეთესოდ შემონახულ ნამარხებად ითვლება (ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ გაშუქდა ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Nature, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა. აღსანიშნავია რომ, 2000 წელს მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიურ მონაპოვარს მესამე ადგილი ერგო).

კონფერენციის დასკვნით სესიაზე განხილული იქნება საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყნის, როლი და მნიშვნელობა მიმდინარე გლობალურ პროცესებში, და ასევე, ბიო-კულტურული პროცესების შესწავლისა და კლიმატური ცვლილებების კვლევის მიმართულებით არსებული პერსპექტივები.

კონფერენცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, სთოუნ ეიჯ ინსტიტუტის (Stone Age Institute), ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის და ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის (ROCEEH) კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში.

კონფერენციის საინფორმაციო მხარდამჭერია National Geographic Magazine – საქართველო და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში