მიმდინარე წლის 22-26 მაისს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა ითანამშრომლა საერთაშორისო ნეირომეცნიერების სკოლასთან. თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლექციათა ციკლს „ტვინის ნეიროქიმიური საიდუმლოებების ამოხსნა.“
აღნიშნულ ღონისძიებაში თბილისის ცენტრის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიის წევრმა წევრმა, ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლიაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ვლადიმირ პარპურამ. პროფ. პარპურამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობის და დაავადებების დროს” და წარმოადგინა მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ გლიური უჯრედების ქვეტიპს – ასტროციტებს შეუძლიათ გლუტამატის ეგზოციტური გამოყოფა და იმსჯელა იმაზე თუ როგორ ხდება ამ გამოყოფის რეგულირება. მან ასევე განიხილა ვეზიკულური შერწყმის დრო-სივრცითი მახასიათებლები, რომელიც არის ასტროციტების მიერ გლუტამატის გამოყოფის თანმხლები პროცესი. შეჯამების სახით კი წარმოადგინა ტრანსლიაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ასტროციტომა IV-ის, ტვინის მომაკვდინებელი სიმსივნის სამკურნალოდ ახალი მეთოდების დანერგვას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ნეირომეცნიერების უახლესი კვლევები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით ვითარდება მეცნიერება და მედიცინა. ლექციების შემდეგ გაიმართა აქტიური კითხვა-პასუხი და დისკუსია. მეცნიერებმა იმსჯელეს აღწერილი კვლევების რევოლუციურ შესაძლებლობებზე ნეირომეცნიერებასა და მედიცინაში. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებამ არამხოლოდ გააღრმავა დამსწრე საზოგადოების ცოდნა აღნიშნულ საკითხებში, არამედ ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე მსჯელობასაც დაუდო საფუძველი. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინტერდისციპლინური კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ნეირომეცნიერების სფეროში.


