მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 28 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) უმასპინძლა საზაფხულო სკოლას „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები”.

საზაფხულო სკოლა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით წელს უკვე მეორედ ჩატარდა.

ღონისძიება გახსნეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფ. პაატა ტურავამ. გახსნის ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი.

მონაწილეებს დატვირთული პროგრამის ფარგლებში საშუალება მიეცათ მოესმინათ ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული მულტიდისციპლინურ საერთაშორისო პროექტებთან, სამეცნიერო კვლევაში აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩართული არიან ტექნლოგიების განვითარებასა და უახლესი სამეცნიერო მიღწევების ინტერპრეტაციაში.

პროგრამის ძირითადი თემატიკა მოიცავდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს ბუნების ისტორიის, არქოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, კონსერვაცია-რესტავრაციისა თუ არსებული სმეცნირო ცოდნის ინტერპრეტაციაში. თითოეულ ლექციას ახლდა აქტიური დისკუსია, რამაც საშუალება მისცა სტუდენტებსა და ლექტორებს უშუალო გარემოში გაეზიარებინათ გამოცდილება და სიღრმისეულად განეხილათ ესა თუ ის საკითხი.

ოთხ-დღიანი ლექცია-სემინარების ერთგვარი შეჯამება გახლდათ პროფ. დავით ლორთქიფანიძის მოხსენება „ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები“.

პროგრამის განმავლობაში მოეწყო გასვლითი ღონისძიებები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, გელათის მონასტერში, ბაგრატის ტაძარსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.

სკოლის დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას, რომელსაც პროფ. დავით ლორთქიფანიძე უძღვებოდა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში