საერთაშორისო კონფერენცია: მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე

2024 წლის 4-7 დეკემბერს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, ICOM-MPR-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კომიტეტი), ICOM-საქართველოს (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „მუზეუმის კომუნიკაცია გზაჯვარედინზე”.

კონფერენცია გაიხსნა ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორის, აკად. დავით ლორთქიფანიძის მთავარი მოხსენებით, რომლის დროსაც მან ისაუბრა ქვეყნის ბიო-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ სამეცნიერო კვლევებზე. მან ასევე განიხილა, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კვლევებზე დაფუძნებით ქვეყნისა და მისი ბიო-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. 

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ხულუზაური იყო როგორც მთავარი მოხსენების ასევე, სამეცნიერო პანელური დისკუსიის მოდერატორი, რომლის დროსაც განხილული იქნა სამეცნიერო-პოპულარული კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდები და კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელების გზები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასამდე დელეგატმა, ხოლო საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა 40 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტების მიერ გამართული ყოველწლიური კონფერენციები მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს კულტურისა და მეცნიერების ამა თუ იმ მიმართულების პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და უახლესი მეთოდებისა და ტენდენციების გაცნობის თვალსაზრისით. 

ICOM MPR-ის 2024 წლის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარება, სადაც თავი მოიყარეს სამეცნიერო-კულტურული კომუნიკაციის მიმართულების უმაღლესი რანგის პროფესიონალებმა პრესტიჟული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსთვის.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში