2024 წლის 21-22 ნოემბერს ქ. ბაქოში გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 29-ე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ.
გამოფენა სახელწოდებით “პონტო-კასპიის ბიო-კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა,“ რომელიც წარმოაჩენს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებს, როგორებიც არის მემკვიდრეობა, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიური განვითარება და საზოგადოების ძალისხმევა ადამიანის მდგრადი კეთილდღეობის მისაღწევად, შეიქმნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) საორგანიზაციო კომიტეტის, მედეგი კულტურული მემკვიდრეობის პარტნიორობის (Resilient Cultural Heritage (RCH), საერთო პროგრამული ინიციატივა კულტურულ მემკვიდრეობასა და გლობალურ ცვლილებებზე, ევროკავშირის პარტნიორობისა (Joint Programming Initiative (JPI) on Cultural Heritage and Global Change (EU Commission)) და რევინდის ინიციატივის (Rewind Initiative) თანამშრომლობის ფარგლებში.
COP29-ის მწვანე ზონის ხელოვნების პავილიონში ორგანიზებულმა გამოფენამ, სადაც დამთვალიერებელზე ორიენტირებული, ინტერაქციული და მეგობრული ატმოსფერო სუფევდა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამავე სივრცეში გაიმართა პროფ. დავით ლორთქიფანიძის მთავარი მოხსენება: “ბიო-კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის: წარსულის გააზრება კლიმატური მედეგობისთვის,” და პანელური დისკუსია. სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ევროპული საერთო პროგრამული ინიციატივის (JPI CH) სამდივნოს პროექტების მენეჯერმა, შანგიუნ შენმაც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2010 წელს ევროკომისიის მიერ ამოქმედებული JPI პროგრამა. აღნიშნული პროგრამა აერთიანებს უშუალოდ ეროვნულ კვლევების დაფინანსებაში ჩართულ ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და სამეცნიერო საბჭოებს, ევროპის მასშტაბით.

“ბიო-კულტურული მემკვიდრეობა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, დავაკვირდეთ თუ როგორ ურთიერთქმედებენ გარემო და ანთროპოგენური სისტემები სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, განსხვავებულ სივრცესა და დროში. პონტო-კასპიის მაგალითი ნათლად ასახავს გლობალური ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ-ეკოლოგიურ და ბიომრავალფეროვნების გამოწვევებს. ამდენად, აუცილებელია მეცნიერულ ცოდნასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალების გაერთიანება და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო რეგიონში არსებული გამოწვევების გადასაჭრელი გზების ძიება“, – აღნიშნა პროფესორმა ლორთქიფანიძემ.
ვიზიტის ფარგლებში პროფ. დავით ლორთქიფანიძემ აზერბაიჯანული თხევადი და წყალში ხსნადი სასუქების მწარმოებელი AZCHEMCO-ს პავილიონი დაათვალიერა. AZCHEMCO-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში პროფ. ლორთქიფანიძეს უჩვენეს ფილმი მარილიანი ნიადაგების აღდგენისა და სოფლის მეურნეობაში დაბრუნების პროექტის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა რიფატ სულთან-ზადამ, დავით ლორთქიფანიძეს გააცნო კომპანიის მიღწევები აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
პროფ. დავით ლორთქიფანიძემ COP29-ში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გაამახვილა საზოგადოების ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის, მეცნიერებისა და ინოვაციების გაერთიანების აუცილებლობაზე, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული მზარდი გამოწვევები ეფექტურად გადასაჭრელად არის აუცილებელი, ხოლო გამოფენამ “პონტო-კასპიის ბიო-კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა,“ თვალსაჩინო გახადა ის, თუ როგორ შეუძლია ისტორიას, კვლევასა და ტექნოლოგიას წვლილი შეიტანოს მდგრადი მომავლის შექმნაში.
აღნიშნული ღონისძიება ნათელი მაგალითი აღმოჩნდა იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობამ, ცოდნის გაზიარებამ და ინოვაციურმა მიდგომებმა დაგვაძლევინოს კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემები.







