2025 წლის 5-6 მაისს პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ორგანიზებით ბერლინში (გერმანია) გაიმართა პრე- და პროტო ისტორიის საერთაშორისო აკადემიის (AIPP) სიმპოზიუმი და გენერალური ასამბლეა. სიმპოზიუმზე თავი მოიყარეს მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა, რათა განეხილათ ისეთი საკითხები, როგორებიც არის “კულტურული ევოლუციის გარდამტეხი ეტაპები” და “არქეოლოგიის გამოწვევები 21-ე საუკუნეში.”
აღნიშნულ კონფერენციაზე ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და AIPP-ს აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფ. დავით ლორთქიფანიძე მიწვეული იყო ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად. მან წაიკითხა ლექცია: „პრეისტორიული არქეოლოგია როგორც მეცნიერებისა და მდგრადობის მაკავშირებელი: საქართველოს მაგალითი.“ გარდა მთავარი მოხსენებისა, სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, ასევე, წარმოადგინა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამომავლო ხედვა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის პერსპექტივები.
AIPP 2021 წლის 7 დეკემბერს დაარსდა პარიზში, პრე- და პროტოისტორიკოსების ინიციატივით. მისი მთავარი მისიაა საერთაშორისო მასშტაბით პრე- და პროტოისტორიის (მოიცავს პერიოდს კაცობრიობის გარიჟრაჟიდან რკინის ხანის ჩათვლით) სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე. AIPP აერთიანებს ორ მიმართულებას – პრეისტორიას (მონადირე-შემგროვებლები) და პროტოისტორიას (მიწათმოქმედები და ფერმერები). დღეს AIPP აერთიანებს დარგის წამყვან 120 მეცნიერს.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მონაწილეობა AIPP-ს ღონისძიებებში მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოს საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროცესებში.