მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ლონდონის ქინგს კოლეჯის პროფესორის, ქეთევან ჭანტურიას ლექცია: “მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში“.

პროფ. ქეთევან ჭანტურიამ მიმდინარე წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ გადასცა ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.

5 ნოემბერს სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში გამართული ღონისძიება, სწორედ ბუკინგემის სასახლის მიერ მომზადებული მოკლე ფილმის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის ორდენისა და მისი პროფ. ჭანტურიასთვის გადაცემის შესახებ მოგვითხრობდა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, და National Geographic Magazine – საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პუბლიკას და აღნიშნა, რომ იმდღევანდელი ღონისძიების უპირველესი ფუნქცია იყო ინსპირაცია – ინსპირაცია კვლევისა და რომ ქალბატონი ქეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ესწრაფვის მეცნიერი სიახლეს და შემდეგ უზიარებს მას ფართო საზოგადოებას: „ზოგადად, ჩვენი სურვილიც ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული მეცნიერების მიღწევებისა და ტრადიციების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას და იმ ადამიანების გაცნობას, რომლებიც დღეს მეცნიერების მოწინავე ხაზზე არიან.“ – თქვა მან.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა National Geographic Magazine – საქართველოს გამომცემელმა, ანი ცაბაძემაც, რომელმაც ჟურნალის მთავარ მისიას – მეცნიერების პოპულარიზაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ნოემბრის ნომერში მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა წაიკითხოს ვრცელი ინტერვიუ პროფ. ქეთევან ჭანტურიასთან, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის ორდენისა და მისი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ჩაიწერა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და National Geographic Magazine – საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში.“

რაც შეეხება თავად ლექციას, პროფ. ქეთევან ჭანტურია უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია იკვლევს კლინიკური ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემებს. მან მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფსიქიატრიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მიმართულებით დაიწყო და დღეს ლონდონის კინგს კოლეჯის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერია, რომელიც ასევე კლინიკურ პრაქტიკას ეწევა.

მან გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას ის უაღრესად საინტერესო გზა, რომელიც ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიამდე გაიარა და განიხილა კვებითი აშლილობის მიმართულებით ქინგს კოლეჯში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები და დანერგილი სიახლეები, რომლებიც მოიცავდა, როგორც კლინიკური სერვისების შესახებ ინფორმაცია, ასევე აღნიშნული პრობლემების ეფექტური მართვის კონკრეტულ მაგალითებს.

ლექციის განმავლობაში მან ასევე ისაუბრა იმ საჭიროებებზე, რომლებიც საქართველოში დგას კვებითი აშლილობების მართვის მიმართულებით: „სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით, ჯერ არ არის ის მულტიდისციპლინარული გუნდები, რომლებიც აუცილებელია კვებითი აშლილობების ეფექტური მართვისთვის. დიეტოლოგი, ექთანი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ოკუპაციური თერაპევტი – ის სპეციალისტები არიან, რომლებიც ერთად უნდა მუშაობდნენ ამა თუ იმ განსაზღვრულ პრობლემაზე, იქნება ეს ანორექსიის შემთხვევა, თუ ბულიმიისა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი აწყობილი გუნდი და აწყობილი სერვისი არ არსებობს, თუმცა ეპიდემიოლოგია და საჭიროება აქაც ზუსტად ისეთივეა, როგორც – დასავლეთში. სპეციალისტების მხრიდან საჭიროა კადრების სწორად დატრენინგება და წვრთნა, ხოლო სახელმწიფოსგან, რა თქმა უნდა, საჭიროა დაფინანსება და მოტივაცია, რომ ეს სამსახურები აეწყოს, რადგან პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია.“ – აღნიშნა პროფ. ქეთევან ჭანტურიამ.

ლექციის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია დამსწრე საზოგადოებასა და პროფ. ქეთევან ჭანტურიას შორის, ხოლო საუკეთესო კითხვების ავტორებს საჩუქრად გადაეცათ National Geographic Magazine – საქართველოს ნომრები. 

___________________

პროფ. ქეთევან ჭანტურია არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მეცნიერია. იგი გახლავთ პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს და რომელსაც ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უმაღლესი ჯილდო სახელწოდებით: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“ (2021 წელი). 2023 წელს მას საქართველოს ეროვნული პრემია გადაეცა, 2024 წელს კვებითი აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 2025 წელს მან ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ გადასცა ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში