მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ინდიანას უნივერსიტეტის ბლუმინგტონის ანთროპოლოგიისა და კოგნიტური მეცნიერებების საპატიო პროფესორების, კეტი შიკის და ნიკოლას ტოტის საჯარო ლექცია: “რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ: კვლევის ხუთი ათწლეული“.
პროფესორებს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. მათი მონაწილოებით განხორციელდა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე გამოვლენილი მასალის არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, ისინი ხშირად სტუმრობენ საქართველოს და აქტიურად მონაწილეობენ ახალი თაობის არქეოლოგების აღზრდაში. პროფ. შიკი და პროფ. ტოტი საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, მონაწილეებთან ერთად ამზადებენ სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს (Flint knepping) და ახდენენ ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრული პროცესის დემონსტრაციას.
„დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს მოვუსმინოთ ორ ლეგენდარულ მეცნიერს, კეტი შიკსა და ნიკ ტოტს. მათ ძალიან დიდი როლი შეასრულეს ადამიანის ევოლუციის კვლევაში და არაერთი დიდი აღმოჩენის მონაწილენი არიან. ჩვენს სფეროში National Geographic-ის რამდენიმე ნომერი ითვლება განსაკუთრბეულად, ერთ-ერთი გახლავთ 1985 წლის ნოემბრის გამოცემა, სწორედ მისი გმირები არიან კეტი და ნიკი.“ – აღნიშნა ღონისძიების გახსნისას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ.
თავად პროფ. ნიკ ტოტმა კი გვითხრა: “ბავშვობაში ჩემი შთაგონების წყარო ჟურნალი National Geographic-ი იყო, რამაც განსაზღვრა ჩემი პროფესია. ჩვენს წინაპრებს, უძველეს ჰომინიდებს, არ ჰქონდათ დამწერლობა, მაგრამ მათ დატოვეს უამრავი მტკიცებულება: ქვის იარაღები, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე, კეტი, უკვე 50 წელია ვიკვლევთ. აღმაფრთოვანებელია ის, რაც დმანისში გამოვიკვლიეთ. იქ არის ყველაფერი, რაც პრეისტორიული ხანის შესასწავლად არის საჭირო.”

ლექციაზე პროფესორებმა წარმოადგინეს ადრეული ქვის ხანის შესასწავლად უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მრავალმხრივი კვლევები, რომლებიც ტარდებოდა იმის გასაგებად, თუ რა როლი ითამაშა ქვის იარაღებმა და ტექნოლოგიამ ადამიანის ევოლუციის პროცესში უკანასკნელი რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე.
“ჩვენმა წინაპრებმა განვლეს გზა, რომელიც დედამიწაზე ბინადარ არცერთ სხვა სახეობას არ გაუვლია. 50-წლიანი კვლევისას ვადგენდით, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ახალ გარემოსთან ადაპტაციას, როგორ ქმნიდნენ და სარგებლობდნენ ახალი ხელსაწყოებით. მოკვლეული მასალა მოიცავს აფრიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებს. ადამიანის ევოლუცია საინტერესოა, რადგან ის გვიყვება, თუ საიდან მოვდივართ ჩვენ.” – აღნიშნა პროფ. შიკმა.
პროფესორების სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს როგორც არქეოლოგიური მასალის შესწავლას, ასევე, ადრეული ჰომოს მიერ ქვის იარაღების დამზადებისა და გამოყენების ტექნიკის აღდგენას; თანამედროვე მაიმუნებისთვის ქვის იარაღების დამზადებისა და გამოყენების სწავლებას; ადამიანის მიერ დამზადებული უაკანასკნელი ქვის იარაღების ეთნოარქეოლოგიურ კვლევებს; ტვინის გამოსახულებების ანალიზს ქვის იარაღის დამზადებისთვის საჭირო კოგნიტური სირთულეების დასადგენად, თუ გეოარქეოლოგიური ფენების შესწავლას უძველესი ტბის აუზებში იმ პალეოკლიმატისა და პალეოგარემოს აღსადგენად, რომელიც თან სდევდა ადამიანის ევოლუციას.
ლექციის დასასრულს, პროფესორებმა დამსწრეებს სიურპრიზად შესთავაზეს სიმღერა, რომლის მუსიკა პროფ. ნიკოლას ტოტს, ხოლო ტექსტი პროფ. კეტი შიკს ეკუთვნის, მას გრემის მფლობელი მომღერალი კერი ნიუქომერი ასრულებს და ის არც მეტი, არც ნაკლები – დმანისს ეძღვნება.
—
პალეოანთროპოლოგები კეტი შიკი და ნიკოლას ტოტი ინდიანას უნივერსიტეტის ბლუმინგტონის ანთროპოლოგიისა და კოგნიტური მეცნიერებების საპატიო პროფესორები არიან. მათვე დააფუძნეს ინდიანაში „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობენ. „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტი“ წარმოადგენს კვლევით ცენტრს, რომელიც ადამიანის წარმოშობის არქეოლოგიას იკვლევს აფრიკასა და ევრაზიაში (www.stoneageinstitute.org).
შიკმა მაგისტრის წოდება კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა, ტოტმა კი — ოქსფორდის უნივერსიტეტში. ისინი 1977 წელს დაქორწინდნენ და კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები. 2019 წელს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ საპატიო დოქტორების ტიტულები მიანიჭა. ისინი ასევე არიან ამერიკის მეცნიერების წინსვლის ასოციაციის (AAAS) არჩეული წევრები.
—
აღნიშნული საჯარო ლექციით გაიხსნა ჟურნალ National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის შემეცნებითი შეხვედრების შემოდგომის სეზონი სასტუმრო “რადისონში”. ღონისძიების მასპინძელი “სილქ ჰოსპიტალიტი” იყო.










