2024 წლის დასასრული ახლოვდება, დროა გამოვემშვიდობოთ მას და შევეგებოთ ახალ 2025 წელს.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისთვის მიმდინარე წელი გარდამტეხი გახლდათ – მე წილად მხვდა პატივი ჩემი წინამორბედისგან, პროფესორი დავით ფრანგიშვილისგან მიმეღო აკადემიური დირექტორის პოსტი, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელად არჩეული იქნა პროფესორი ზაალ კოკაია, სამეცნიერო საბჭოს ახალი წევრი, პროფესორი ლადო ჭანტურია შემოუერთდა, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ნათია ხულუზაურმა დაიკავა.
დასაწყისი ყოველთვის გამოწვევებით არის სავსე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინამორბედთა მიერ დადგენილი სტანდარტი უკვე მაღალია. ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ გაგვეგრძელებინა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის პირველი გუნდის მიერ დაწყებული პროექტები და თავადაც წამოვიწყეთ რამდენიმე ახალი პროექტი.
პრიორიტეტების განსაზღვრისას აუცილებლად მივიჩნიეთ ცენტრის დებულების განახლება და საფუძვლის მომზადება ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფის გასაძლიერებლად, კერძოდ კი ახალი ვებგვერდის შესაქმნელად, რაც აქტიურ ფაზაში გადავა მომავალი წლის დასაწყისიდან.
მანამდე, წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის მიმოხილვას.
2024 წლის პირველი ღონისძიება „ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“ თსუ-თან ერთად გავმართეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ცენტრის ყოფილმა აკადემიურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა, სამეცნიერო საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ, პროფესორმა ზაალ კოკაიამ და მე გადავწყვიტეთ შევხვედროდით აკადემიურ სექტორს და განგვეხილა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის როლი, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულებებთან ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ინტეგრაციის, ასევე, საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკად. ჯაბა სამუშია ესწრებოდნენ. ორივე სტუმარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის რეალიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ამასთანავე, გამოხატა მზაობა განაგრძოს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერა. ეს შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რადგან ცენტრის საქმიანობაში წინსვლისთვის აუცილებელი იყო ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების გამოწვევებისა და საჭიროებების განსაზღვრა.
პროექტებიდან, რომელთაც პროფესორ დავით ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი, მსურს გამოვარჩიო „გელათის აკადემია – მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“. 2023 წელი აღინიშნა კონფერენციით „გელათის აკადემია – მისი ეპოქა და მემკვიდრეობა“, რომელმაც ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება მისცა გელათის აკადემიასთან დაკავშირებით სიღრმისეულად განეხილათ ესა თუ ის საკითხი, ხოლო „საზოგადოება ივერიისასთან“ თანამშრომლობით, 2024 წელი მიეძღვნა გამოცემის, „გელათი – მეფე დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“ მომზადებას. გამოცემის რედაქტორი გახლავთ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფესორი ზაზა სხირტლაძე და მისი საზოგადოებისთვის წარდგენა 2026 წელს არის დაგეგმილი.
მოგეხსენებათ, რომ 1106 წელს დაარსებულ გელათის მონასტერში ასევე არსებობდა აკადემია, იმ დროს, რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. შესაბამისად, გელათის მონასტერი ფუნქციონირებდა, როგორც საერო, ისე საეკლესიო ცოდნის, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ცენტრი. ამჟამად, მე, ასევე, ვხელმძღვანელობ გელათის კომპლექსის კონსერვაციისა და განახლების პროექტს, რასაც აღვიქვამ შესაძლებლობად, რომ მონაწილეობა მივიღო გელათის აკადემიისთვის მისი ისტორიული მნიშვნელობის დაბრუნების პროცესში. ამასთან, ვფიქრობ, რომ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრსა და გელათის მონასტრის განახლებულ კომპლექსს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, ვფიქრობ, ფართომასშტაბიან მულტიდისციპლინურ საერთაშორისო პროექტად შეიძლება გარდაიქმნას, არის პონტო-კასპიის რეგიონის ბიო-კულტურული ისტორიის, მნიშვნელობისა და გამოწვევების კვლევა. 21-22 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით გავმართეთ ღონისძიებების სერია გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP2) მედეგი კულტურული მემკვიდრეობის პარტნიორობისა (Resilient Cultural Heritage (RCH) და საერთო პროგრამული ინიციატივა კულტურულ მემკვიდრეობასა და გლობალურ ცვლილებებზე, ევროკავშირის პარტნიორობის (Joint Programming Initiative (JPI) on Cultural Heritage and Global Change (EU Commission)) ფარგლებში. კონფერენციაზე ძირითადი მოხსენების – „პონტო-კასპიის ბიო-კულტურული მემკვიდრეობის ძალა“ – შემდეგ გაიმართა დისკუსია: „ბიო-კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის, წარსულის მობილიზება კლიმატის მდგრადობისთვის.“ დისკუსია კონფერენციის მწვანე ზონაში ჩატარდა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთო განხილვაში, მათ შორის, რევინდის ინიციატივა (Rewind Initiative) შავი ზღვის სიღრმეში CO2-ის ათასობით წლით შენახვის ძალიან საინტერესო იდეით.
მოგვიანებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების ანალიზის ინსტიტუტთან და რევინდის ინიციატივასთან თანამშრომლობით, ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სემინარი „შავი ზღვის ბიო-კულტურული ისტორია და მომავალი“. ბიოლოგებმა, ეკოლოგებმა, ბოტანიკოსებმა და მომიჯნავე დარგების სხვა წარმომადგენლებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების პრობლემები, შავი ზღვის რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და KIU-GITA-ს ინოვაციებისა და სტარტაპების აქსელერაციის საზაფხულო სკოლასთან თანამშრომლობით მოეწყო სესიების სერია სახელწოდებით “ინოვაციები მეცნიერებაში და საქართველოს კონკურენტუნარიანი დარგები და მიმართულებები.“ სესიების განმავლობაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოესმინათ სხვადასხვა დარგის წამყვანი მეცნიერებისგან თანამედროვე ტექნოლოგიების, მეცნიერების, კულტურის, კლიმატის ცვლილებასა და სხვა თანამედროვე გამოწვევებს შორის არსებული კავშირების შესახებ. სამდღიანი ინტენსიური სესიების დასასრულს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და არაფორმალურ გარემოში გასაუბრებოდნენ მეცნიერებს, ემსჯელათ მათთან ერთად და განევითარებინათ ახალი იდეები მეცნიერებაში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და სამომავლოდ, არამხოლოდ ცოდნის გაზიარებაზე, არამედ ახალ თაობასთან თანამშრომლობაზეც ვიფიქროთ.
ძალიანაც რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ასე შევაჯამებ: ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი მთელი წლის მანძილზე აწყობდა საჯარო ლექციებს, სემინარებსა და კონფერენციებს. ევროპის აკადემიის წევრები და სხვა წამყვანი მეცნიერები კულტურის, მედიცინის, ნევროლოგიის, არქეოლოგიის, სამართლის, ფიზიოლოგიის, კომუნიკაციისა თუ სხვა სფეროებიდან, ხვდებოდნენ პროფესიულ და ფართო საზოგადოებას, რათა ემსჯელათ და განეხილათ მეცნიერების უახლესი მიღწევები.
აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრს, პროფესორ ქეთევან ჭანტურიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული პრემია გადასცა. ვულოცავ მას და ვუსურვებ მეტ წარმატებასა და ახალ მიღწევებს, რომელიც სასარგებლო იქნება მეცნიერებისა და საზოგადოებისთვის.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამეცნიერო კომუნიკაცია, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერება სასარგებლოა, როდესაც ის ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ National Geographic Magazine – საქართველოსთან, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და EuroNews საქართველოსთან. უფრო მეტიც, National Geographic Magazine- საქართველოს ყოფილი მთავარი რედაქტორის, ნათია ხულუზაური გუნდში ყოფნა საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო კომუნიკაციაზე. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩვენ ვაპირებთ 2025 წელი დავიწყოთ ახალი ვებგვერდის შექმნით, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეცნიერება პროფესიონალ და ფართო საზოგადოებას უფრო ეფექტური გზებით გავუზიაროთ.
ასე, რომ ვემშვიდობებით ძველ წელს და მივესალმებით, ახალს – ყველას გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ 2025 წელს.
გილოცავთ დღესასწაულებს!
დავით ლორთქიფანიძე,
აკადემიური დირექტორი
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი