2025 წელი დასასრულს უახლოვდება და 2026 წლის შესახვედრად ვემზადებით, ამიტომაც მსურს ერთად გადავავლოთ თვალი გასულ თორმეტ თვეს – დროს, რომელიც მრავალი საინტერესო ღონისძიებით, ახალი თანამშრომლობებითა და სამეცნიერო სიახლეებით აღინიშნა.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისთვის გასული წელი გახლდათ სტაბილური ზრდისა და მნიშვნელოვანი მოვლენების წელი. ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია ახალი ვებგვერდის შექმნა, რომელიც ევროპის აკადემიის ახალი ბრენდბუქის შესაბამისად განხორციელდა. შედეგად, ჩვენ ახლა კომუნიკაციის თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ეფექტური სივრცე გვაქვს, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას გაგვიადვილებს.
ციფრული განახლების პარალელურად, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობდით ჩვენი მთავარი მისიის – მეცნიერების კომუნიკაცია, ცოდნის გავრცელება და ახალი ინსტიტუციური კავშირების დამყარება – განხორციელებას. მთელი წლის მანძილზე, ორგანიზება და თანაორგანიზება გავუწიეთ კონფერენციებსა და საჯარო ღონისძიებებს, რომლებზეც თავს იყრიდნენ ქართველი და უცხოელი წამყვანი, თუ დამწყები მეცნიერები.
ღონისძიებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ორგანიზებული, მეორე საზაფხულო სკოლა, რომლის თემაც ამჯერად გახლდათ: „მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები.“ ის, თუ როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, არქეოლოგიის, კონსერვაციისა თუ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მიმდინარე კვლევებს სემინარების მთავარ თემას წარმოადგენდა. მონაწილეებმა საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში მოინახულეს დასავლეთ საქართველოს კულტურის ძეგლები და მუზეუმები.
ნეირომეცნიერების საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენ თანაორგანიზება გავუწიეთ საჯარო ლექციათა ციკლს: “ტვინის ნეიროქიმიური საიდუმლოებების ამოხსნა.“ აღნიშნული ციკლი გაიხსნა ევროპის აკადემიის წევრის, პროფ. ვლადიმირ პარპურას მთავარი ლექციით: “ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობის და დაავადებების დროს,” რაც საინტერესო დისკუსიის საფუძველი გახდა ტვინის ჯანმრთელობისა და დაავადების შესახებ.
ნეირომეცნიერება ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მთელი წლის მანძილზე. ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან ერთად, ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ საერთაშორისო კონფერენციას: „მრავალმხრივი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი,“ რომელშიც, ქართველი მეცნიერის უაღრესად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის პატივსაცემად, მონაწილეობა მიიღეს, როგორც დარგის წამყვანმა, ასევე, ნიჭიერმა დამწყებმა მეცნიერებმა. კონფერენციის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მასში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პროფ. ზაალ კოკაიასა და ამავე საბჭოს წევრის პროფ. მერაბ კოკაიას მონაწილეობამ.
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის WSO-ს მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი 2025: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ გახლდათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენა, რომლის თანამონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინსულტის ასოციაციასთან ერთად იყო ჩვენი ცენტრიც. აღნიშნული კონფერენცია ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა კლინიკოსებმა და მეცნიერებმა, რომლებმაც განიხილეს ცერებროვასკულური მიმართულებით მიმდინარე უახლესი კვლევები. აღნიშნული კონფერენციის სამეცნიერო დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. ზაალ კოკაიამ და ამავე საბჭოს წევრმა პროფ. ალექსანდრე ცისკარიძემ.
გარდა ნეირომეცნიერებისა, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა ჰუმანიტარული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მიმართულებითაც.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ჩვენ მესტიაში ვუმასპინძლეთ ხელოვნებათმცოდნის, დოქტორ რუსუდან ქოჩქიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს და რომელმაც მთელი ცხოვრება სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კვლევას მიუძღვნა. აღნიშნული კონფერენციის ინიციირება და ხელმძღვანელობა, ჩემთვის განსაკუთრებული პატივი გახლდათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ჩვენ, ასევე, ორგანიზება გავუწიეთ ევროპის აკადემიის პირველი ქართველი წევრის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს, რომლის პროგრამა მოიცავდა მისი პუბლიკაციის: “გილგამეშის ეპოსი (ტრანსლიტერაცია)” პრეზენტაციას, პროფესორ მარტინ უორთინგტონის საჯარო ლექციასა და მისი შუმერულენოვანი ფილმის “დუმუზის სიზმარი“ საპრემიერო ჩვენებას.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, პალეოანთროპოლოგების, პროფესორების ქეთი შიკისა და ნიკოლას ტოტის საჯარო ლექცია, რომელზეც მათ განიხილეს ადრეული ქვის ხანის ხელსაწყოებისა და ადამიანის ევოლუციის შესახებ მათი ორმოცდაათწლიანი კვლევის შედეგები. ლექციის თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine – საქართველო. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მეცნიერების, ისე ფართო საზოგადოების მხრიდან.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ღონისძიებები ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა უმასპინძლა კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის აღიარებულ კლასიკოსს, პროფ. პოლ სალკოვსკის. მისი საჯარო ლექცია: „თანამედროვე კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის აქტუალური საკითხები“ გახსნა და მოდერაცია გაუწია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, პროფესორმა ქეთევან ჭანტურიამ.
გარდა ამისა, პროფ. ქეთევან ჭანტურიას მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით შესაძლებელი გახდა სახელმძღვანელოს: “სპეციალისტთა მხარდამჭერი ზრუნვა (SSCM)” თარგმნა ქართულ ენაზე. მისი ძალისხმევით მოხერხდა თარგმანის უფლების მოპოვება და ის ხელმძღვანელობდა ნერვული ანორექსიის მკურნალობის კონტექსტური ადაპტაციის პროცესს.
წლის ბოლოს, პროფესორმა ქეთევან ჭანტურიამ წაიკითხა საჯარო ლექცია “მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში,“ რომელიც ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა National Geographic Magazine – საქართველოს ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული სიღრმისეული ინტერვიუ პროფ. ქეთევან ჭანტურიასთან, რომელიც მისი ბოლოდროინდელი ჯილდოსა და ჟურნალის ქართული გამოცემის იუბილეს აღსანიშნად ჩაიწერა.
რაც შეეხება ჯილდოებს – პროფ. ქეთევან ჭანტურიამ მიმდინარე წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ გადასცა ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.
მე კი, იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენი და ღირსების ორდენის რაინდის წოდება მომენიჭა, საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, რომელიც საქართველოში იტალიის ელჩმა მ. ა. მასიმილიანო დ’ანტუონომ გადმომცა.
წლევანდელი წელი ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრისთვის საინტერესო იყო საერთაშორისო რეპრეზენტაციის თვალსაზრისითაც. მე მქონდა პრივილეგია, წარმედგინა თბილისის რეგიონული ცენტრი ბარსელონაში გამართულ ევროპის აკადემიის ყოველწლიურ კონფერენციაზე „ხიდების შენება 2025,“ სადაც, გარდა ჩვენი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა, კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ევროპის აკადემიისა და თბილისის რეგიონული ცენტრის სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ხულუზაურმა, დუბაიში გამართულ ICOM-ის 27-ე გენერალურ კონფერენციაზე წარმოადგინა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, მოდერაცია გაუწია სესიებს და წარადგინა გასულ წელს, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარებული ICOM COMMS-ის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენციის თეზისები.
მთელი წლის განმავლობაში ჩვენს საქმიანობას ზურგს უმაგრებდნენ უნივერსიტეტები, მუზეუმები, კვლევითი ცენტრები თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამები, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი მედია-პარტნიორების Euronews საქართველოს, National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი მეცნიერებისა და საზოგადოების დაახლოების მიმართულებით. მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად ღირებულია.
დასასრულს, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, კოლეგასა და მხარდამჭერს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი სურვილია, მომდევნო წელს კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი სამეცნიერო ქსელი და განვაგრძოთ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევის სრულყოფისა და სამეცნიერო კომუნიკაციისთვის.
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალ 2026 წელს.
გილოცავთ დღესასწაულებს!
დავით ლორთქიფანიძე,
აკადემიური დირექტორი
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი