“მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“

მიმდინარე წლის 28 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით წელს უკვე მესამედ ჩატარდა საზაფხულო სკოლა „მემკვიდრეობა, მეცნიერება, არქეოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები”.

დატვირთული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ლექციები წაუკითხეს  ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მულტიდისციპლინურ საერთაშორისო პროექტებთან. ისინი შეეცადნენ ეჩვენებინათ სტუდენტებისთვის თუ რა როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს მეცნიერებაში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ სამეცნიერო კვლევის წარმოებისა, თუ შედეგების ინტერპრეტაციისას.

პროგრამა დაყოფილი იყო თემატურად და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბუნების ისტორიის/ბუნებრივი მემკვიდრეობის კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიის კვლევაში, კონსერვაცია-რესტავრაციის თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები, კულტურული მემკვიდრეობის განვითარების გზები, მეცნიერების ინტერპრეტაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები, თუ ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები.

სემინარი, რომელიც ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდა ეძღვნებოდა ქართული დამწერლობის ისტორიასა და ხელნაწერის რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებს, რის შემდეგაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერები.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად საზაფხულო სკოლის მსმენელებისთვის გელათის მონასტერში ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც ძეგლზე ამჟამად მომუშავე რესტავრატორებმა დეტალურად აღწერეს მიმდინარე პროცესი და უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს.

2 აგვისტოს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება და სესია თემით ‒ „ბიო-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები“.

გარდა ლექცია-სემინარებისა, სკოლის ფარგლებში რამდენიმე გასვლითი ღონისძიება მოეწყო და მსმენელებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და  მრავალი ჯილდოს მფლობელი,ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ქართველ სტუდენტებთან ერთად (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) მონაწილეობენ ფერეიდნელი ქართველები, ახალგაზრდები ბაქოს (აზერბაიჯანი), ციურიხის (შვეიცარია), ანკარის (თურქეთი) და პრაღის (ჩეხეთი) უნივერსიტეტებიდან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი სტუდენტების პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აზერბაიჯანის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელშეწყობით, რომლებთანაც ეროვნულ მუზეუმს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

საზაფხულო სკოლა საზეიმოდ გახსნა და დახურა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც პროგრამის ძირითად მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და თანამედროვე კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „წელს კიდევ ერთხელ ვმასპინძლობთ საერთაშორისო სკოლას, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ მემკვიდრეობასთან, არქეოლოგიასთან, მაგრამ, ასევე, ახალ მეთოდოლოგიასთან, ტექნოლოგიასთან, ეკონომიკასთან… შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა ნამდვილად უნიკალურია და მის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, მონაწილეებს დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური მიდგომა მეცნიერებაში და განვუვითაროთ მათ საკითხისადმი ფართო ხედვა სხვადასხვა მიმართულებით.“ – აღნიშნა მან.

ღონისძიების ოფიციალურ გახსნას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი ესწრებოდნენ, ხოლო დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევიმა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ, აზერბაიჯანის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ფარჰად გულიევმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ლევან კოპალიანმა.

3 აგვისტოდან პროგრამა გაგრძელდა დმანისის საერთაშორისო საველე სკოლაში, რომელიც უკვე მრავალი წელია სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს  – მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ გათხრებში და გახდნენ ახალი აღმოჩენების მონაწილენი და მომსწრენი. დმანისის არქეოლოგიურმა გათხრებმა საქართველოს მთელს მსოფლიოში დაუმკვიდრა სახელი როგორც პირველი ევროპელების სამშობლოს.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს, ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელშეწყობით, პირველად მონაწილეობენ აზერბაიჯანელი სტუდენტები. 

საზაფხულო სკოლას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა უმასპინძლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU).

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში