ტვინი – უცნობი სამყარო ჩვენს თავში

თანამედროვე კვლევები, ნევროლოგიური დაავადებები და ტვინის აღდგენის პერსპექტივები.

15 ნოემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ევროპის აკადემიის წევრების, თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ ზაალ კოკაიასა და ამავე საბჭოს წევრის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის საჯარო ლექცია სახელწოდებით: „ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“.

ლექცია მიეძღვნა ნეირომეცნიერებაში არსებულ თანამედროვე კვლევებს, ნევროლოგიური დაავადებების შესწავლის უახლეს მეთოდებსა და იმ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რომლებიც ნერვული სისტემის დაზიანებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. ზაალ კოკაიამ, ისაუბრა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის ნერვული უჯრედების მიღებისა და დაზიანებული ნერვული ქსოვილის აღდგენის მიმართულებით მიმდინარე კვლევებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოლიგოდენდროციტებს – ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციალიზებულ გლიურ უჯრედებს, რომლებიც ნეირონების აქსონების გარშემო მიელინის გარსს წარმოქმნიან. მიელინი ერთგვარი საიზოლაციო შრეა, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების სწრაფ და ეფექტიან გადაცემას. მისი დაზიანება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

როგორც ლექციაზე აღინიშნა, ოლიგოდენდროციტებისა და მიელინის როლის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ნევროლოგიური დაავადებების კვლევისას, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ინსულტი და სხვ. ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევები მიზნად ისახავს დაზიანებული მიელინის აღდგენის – რემიელინიზაციის – მექანიზმების უკეთ შესწავლას.

ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ახალი ოლიგოდენდროციტების მიღება და მათი პოტენციური გამოყენება დაზიანებული ნერვული ქსოვილის აღსადგენად თანამედროვე რეგენერაციული ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულებაა. რემიელინიზაციის ხელშეწყობა სამომავლოდ შესაძლოა ახალი თერაპიული მიდგომების საფუძველი გახდეს და ხელი შეუწყოს ნევროლოგიური დაავადებების შედეგად დაკარგული ფუნქციების აღდგენას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნევროლოგმა, ალექსანდრე ცისკარიძემ ყურადღება გაამახვილა კლინიკურ ნევროლოგიაში გავრცელებულ რთულ დაავადებებზე – ინსულტზე, გაფანტულ სკლეროზსა და  ალცჰაიმერის დაავადებაზე. მან ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებაზე, როგორც დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, ისე მკურნალობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ლექციაზე განხილული იყო ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიც, მათ შორის თრომბის მედიკამენტური დაშლისა და სისხლძარღვიდან მისი მექანიკური ამოღების პროცედურები. აღინიშნა, რომ  დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი ჩარევა გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის დაზიანების შემცირებასა და პაციენტის ფუნქციური აღდგენის შესაძლებლობების გაზრდაში. პროფ. ალექსანდრე ცისკარიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ხდება ნეირომეცნიერების ახალი მიღწევების იმპლემენტაცია კლინიკურ პრაქტიკაში ახალი პრეპარატების შემუშავებისა, თუ მკურნალობის მეთოდების დახვეწის სახით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა National Geographic Magazine – საქართველოს ახალი, სპეციალური ნომრის პრეზენტაციაც, რომლის მთავარი თემა, სწორედ, ადამიანის ტვინია. გამოცემა მკითხველს ადამიანის ტვინის რთულ და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

საჯარო ლექცია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის გაზიარებას, რთული საკითხების საზოგადოებისთვის გასაგებად წარმოჩენასა და მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.

ღონისძიების მასპინძელი იყო: Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი.