მიმდინარე წლის 20 და 21 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია “ევროკლასიკის” ყოველწლიური კონფერენცია და გენერალური ასამბლეა.
ევროკლასიკის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ მეცნიერებთან ერთად შეიკრიბნენ მკვლევრები მსოფლიოს 24 ქვეყნიდან, რათა ემსჯელათ კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლების პროცესში ინტერდისციპლინურობის მნიშვნელობის და გლობალური პოლიტიკის გამოწვევების გათვალისწინების შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნა მოხსენებები ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების სინთეზის, ეპიგრაფიკის, ანტიკური პოეზიისა და მეტრიკის, ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი და პასუხისმგებლობიანი გამოყენების თაობაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციულმა პარტნიორმა, Accademia Vivarium Novum-ის დელეგაციამ ჩაატარა ვორკშოპი ე.წ. ბუნებრივი მეთოდით კლასიკური ენების სწავლების შესახებ და სხვ.
ევროკლასიკა არის ევროპული გაერთიანება, რომელიც 1991 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს კლასიკური ენების, ლიტერატურისა და კულტურის სწავლების მხარდაჭერას სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე, კლასიკური ფილოლოგიის და ზოგადად სიძველეთმცოდნეობის პოპულარიზაციას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან არის ევროკლასიკის წევრი, რაც ხელს უწყობს როგორც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის, ისე მთელი უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდას, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ მთელს ქვეყანაში. კოლაბორაცია მიზნად ისახავს კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლების შემდგომ განვითარებას საუნივერსიტეტო და აგრეთვე სასკოლო დონეზე, სწავლების შინაარსისა და მეთოდოლოგიის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.







