თბილისი 2025: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

2025 წლის 10-11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის თანამშრომლობით, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლობასთან ერთად, ჩატარდა ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (WSO) IX საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: “თბილისი 2025: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.” კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა აშშ-იდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, კანადიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და ხორვატიიდან. კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებმა იმსჯელეს ცერებროვასკულური დაავადებების, ინსტულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. 

თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია გახლდათ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელსაც თავის მხრივ, ხელმძღვანელობდა ევროპის აკადემიის წევრი და ამავე აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე.

კონფერენცია განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ინსულტის კვლევის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას და მედიცინის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

ინსულტის მსოფლიო ორგანიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლასა და გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში