პროფ. დავით ლორთქიფანიძე

აკადემიური დირექტორი
[email protected]

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გენრალური დირექტორი პალეოანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე ფართო პროფილის მეცნიერია. მისი ძირითადი კვლევის საგანია ადამიანის და ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სხვადასხვა ეპოქებში.

დავით ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ისეთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა Science, Nature და PNAS.

იგი მრავალი წელია ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს დმანისში, სადაც ნაპოვნია ყველაზე ადრეული ადამიანის ნაშთები აფრიკის გარეთ. დმანისის აღმოჩენამ მნიშვნელოვანად შეცვალა ადრე არსებული მოსაზრებები ადამიანის ევოლუციის შესახებ. გარდა ამისა, დავით ლორთქიფანიძე გახლდათ იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის შედეგად დადგინდა და შესწავლილ იქნა მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნეოლითურ ნამოსახლარში.

დავით ლორთქიფანიძე 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მჭიდროდ თანამშრომლობს National Geographic Society-სთან და მრავალჯერ აქვს მიღებული აღნიშნული საზოგადოების გრანტი. National Geographic Channel-მა და National Geographic Magazine-მა კი არაერთხელ გააშუქა მისი კვლევები (მათ შორის 2002 წელს მიუძღვნა მთავარი სტატია და დმანისის ჰომინინის ფოტო გამოქვეყნდა ჟრუნალის ყდაზე).

დავით ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ძალისხმევით საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახდა მეცნიერული ცოდნის ფართო საზოგადოებაში გავრცელების ძალიან აქტიური კერა. იგი თავადაც აქტიურად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციაში როგორც სატელევიზიო პროგრამების საშუალებით, ისე საჯარო ლექციებით.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების დაარსებიდან (2005 წ.) დღემდე მიმდინარეობს დაწერესბულების ეტაპობრივი ტრანსფორმაცია-განახლების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საბოლოო ჯამში ეროვნული მუზეუმის სრულ მოდერნიზაციას მულტიფუნქციურ სივრცედ, რომელიც იქნება კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კერა.

უკვე დასრულდა ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალი 7 მუზეუმის განახლება. მათ შორისაა ევროპის საუკეთესო მუზეუმების სიაში მოხვედრილი სვანეთის განახლებული მუზეუმიც. აღსანიშნავია ის უმაღლესი დონის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოფენები, რომლებიც დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით მოაწყო საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან თანამშრომლობით.

2007 წლიდან დავით ლორთქიფანიძე არის აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (2008), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (2009), მეცნიერებისა და ხელოვნების მსოფლიო აკადემიის წევრი (2010), ევროპის აკადემიის წევრი (2011).

დავით ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მათ შორის საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის სახელმწიფო ორდენები; მონაკოს პრინცის ჯილდო (2001), საქართვლოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკაში, როლექსის ჯილდო ინიციატივებისთვის (2004), იტალიის აკადემია ლინჩეის პრემია (2008), ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო პრემია (2014) და მრავალი სხვა.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში