ელ. ფოსტა: [email protected]
პერსონალური გვერდი ევროპის აკადემიის ვებსაიტზე:
https://aetbilisihub.org/en/team/prof-david-lordkipanidze/
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
პროფ. დავით ლორთქიფანიძე ფართო პროფილის მეცნიერია. მისი ძირითადი კვლევის საგანია ადამიანის და ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სხვადასხვა ეპოქებში. მას გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ისეთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა Science, Nature და PNAS.
იგი მრავალი წელია ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს დმანისში, სადაც ნაპოვნია ყველაზე ადრეული ადამიანის ნაშთები აფრიკის გარეთ. გარდა ამისა, პროფ. დავით ლორთქიფანიძე გახლდათ იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის შედეგად დადგინდა და შესწავლილ იქნა მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნეოლითურ ნამოსახლარში.
პროფ. დავით ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ძალისხმევით საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახდა მეცნიერული ცოდნის ფართო საზოგადოებაში გავრცელების ძალიან აქტიური კერა. იგი თავადაც აქტიურად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციაში როგორც სატელევიზიო პროგრამების საშუალებით, ისე საჯარო ლექციებით.
ევროპის აკადემიის წევრად პროფ. დავით ლორთქიფანიძე არჩეულ იქნა 2010 წელს. აქვე აღსანიშნავია, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის შემდგომ იგი გახლავთ რიგით მეორე ქართველი, ვისაც აღნიშნული პატივი ერგო. 2007 წლიდან დავით ლორთქიფანიძე არის აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (2008), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (2009), მეცნიერებისა და ხელოვნების მსოფლიო აკადემიის წევრი (2010), ევროპის აკადემიის წევრი (2010).