საქართველოს მინიმოდელი

აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“ („ნეოლითური ხანის პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში“). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები კანადიდან და ისრაელიდან.

სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

მთავარი სიახლე

პურის ხორბალი (Triticum aestivum) დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობაა და საერთო მოხმარების დაახლოებით 95%-ს შეადგენს. გენეტიკური კვლევების თანახმად, ის დაახლოებით 8 000 წლის წინ წარმოიშვა ადვილად ლეწვადი ხორბლისა და ველური მარცვლოვანი მცენარის, ეგილოფსის (Aegilops tauschii) ჰიბრიდიზაციის შედეგად სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-დასავლეთ კასპიის რეგიონში.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე გამოვლენილი არქეობოტანიკური მასალა, სადაც რბილ ხორბალთან ერთად ეგილოფსის  თავთავის კარბონიზებული ღეროს ნაწევრები და მარცვლები იქნა აღმოჩენილი.

აღნიშნული ნიმუშების ასაკი ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით, განისაზღვრა ძვ.წ. 5922–5832 და 5808–5747 წლებით და რბილი ხორბლის კულტივაციის თარიღმა ძვ.წ. VI ათასწლეულის დასაწყისამდე გადაიწია. შესაბამისად, გადაჭრილ და შულავერის გორებზე ნეოლითურ ნამოსახლარებზე გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის ყველაზე ადრეულ ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

კარბონიზებული მარცვლების გარდა, პურის ხორბლისა და ეგილოფსის იდენტიფიკაციისთვის არქეობოტანიკური მასალიდან შესწავლილი იქნა თავთავის ღეროს ნაწევრები და თავთუნის ფუძე.

პურისა და ღვინის კულტურის უწყვეტი ცენტრი

გადაჭრილი გორა და შულავერის გორა შულავერ-შომუთეფეს კულტურას ეკუთვნის და ამ კულტურისთვის დამახასიათებელი, ალიზის, წრიული, ნაგებობებით ხასიათდება. აქ ხორბალთან ერთად გამოვლენილია სხვა მარცვლოვანი კულტურების, მათ შორის ქერის კულტურის კვალი, სახელი კი 2017 წელს, ასევე PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიით გაითქვა, როგორც მეღვინეობის უძველესმა კერამ.

ახალი ინტერდისციპლინური საერთაშორისო კვლევა წარმოადგენს მანამდე განხორციელებული პროექტების ლოგიკურ გაგრძელებას, რომელთაც დაადასტურეს, რომ იმავე პერიოდში, დაახლოებით 8 000 წლის წინ იგივე მოსახლეობა მეღვინეობასაც მისდევდა.

The website is working in testing mode